Latest News

ქართული ჯიშების მრავალფეროვანი მენიუ და გემოთა თამაში „ტყუპების საღვინე სახლში"

 

ამბობენ, რომ ჭეშმარიტმა ღვინის მოყვარულმა იცის, ღვინის გარჩევა. თვალდახუჭულსაც კი შეუძლია, მხოლოდ ერთი ყლუპის მოსმით გვითხრას, რომელი სახეობის ღვინოა მის წინაშე. ამ ბლოგის ქვეშ, დარწმუნებული ვარ, მსგავსი აუდიტორია შეიკრიბება, ამიტომ ჩვენც არ გვაწყენს იმაში გარკვევა, რა განსხვავებაა ამა თუ იმ ღვინოს შორის.

საფერავი, რქაწითელი, როზე - ეს სახელები სულ გვხვდება, როცა რესტორანში მენიუს ან მაღაზიაში ღვინის თაროებს ვათვალიერებთ. მაინც რომელი რას ნიშნავს, რა აქვთ მათ მსგავსი და რა განსხვავებული?

დავიწყოთ საფერავით, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ღვინის სახეობით…

ის წამომავლობით ჩვენებური, ანუ კახური ჯიშია. ჩვენი ღვინის სახლიც ხომ სწორედ ამ კუთხიდან არის. იგი საკმაოდ ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება, რომელიც უხვი მოსავლიანობით ხასიათდება და გამოდგება როგორც საჭმელად, ისე საღვინედ, თუმცა უფრო მეტად ღვინის წარმოებაში იყენებენ. შაქრის დიდი შემცველობის გამო ის ერთნაირად მოსწონთ როგორც კაცებს, ისე ქალებს.

მას არაჩვეულებრივი წითელი ფერი და მძაფრი სურნელება აქვს. ამის გამო დაგემოვნებამდეც კი უკვე თავბრუს ახვევს ადამიანს. ის ძველი ქართული ტექნიკური ჯიშია და ერთ-ერთ ყველაზე ყინვაგამძლე სახეობად ითვლება. ჩვენს საღვინე სახლში საფერავს შეხვდებით როგორც ფირუზის, ისე ქვევრის მზისა და თავანკარას სერიებში. ის ასევე ჩამოსხმული გვაქვს ჩვენი საფირმო „თვინსის” ბრენდის სახით.

კახური მწვანე

წითელი ჯიშის მერე თეთრყურძნიან საღვინე სახეობაზეც გადავიდეთ. ესეც ნამდვილი ქართული ჯიშია. ის გამოდგება როგორც ევროპული წესით, ისე ქვევრში, მამაპაპურად ღვინის დაყენებისთვის. კვლევებით დადგენილია, რომ ამ ჯიშისთვის ნაფარეული ერთ-ერთი საუკეთესო მიკროზონაა. ალბათ სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენთან ღვინის ეს სახეობა განსაკუთრებულად გემრიელი და არომატულია. კახური მწვანე ჩვენი „ქვევრის მზის” ბრენდში შეგიძლიათ, მოიკითხოთ, რომელიც ჩვენი პირველი ბრენდირებული ჩამოსხმის სერიაა.

 

როზე


როზე ერთ-ერთ გამორჩეულ და ძვირფას ღვინოდ ითვლება. მას მოვარდისფრო ფერი დაჰკრავს და ძირითადად, მშრალი ან ნახევრად მშრალი სახეობისაა. მას მოტკბო გემო აქვს, რის გამოც უფრო მარტივი და მსუბუქი დასალევია.

ხშირად როზეს ხილის, ძირითადად ატმისა და კოწახურის არომატიც დაჰყვება. ერთ-ერთ ტონად კი ვარდის ფურცლების სურნელიც შეიძლება, შენიშნოთ. როზე იდეალურად ერგება ყველა სიტუაციას, არის ელეგანტური და დახვეწილი სასმელი ნებისმიერი თავშეყრისთვის.

ჩვენს ქსელში როზეს „ფირუზის” ბრენდის ფრთის ქვეშ შეხვდებით.

ქისი და ხიხვი

 

ქისი და ხიხვი ერთ-ერთი უძველესი ჯიშებია კახეთიდან. ორივე თეთრი ყურძენია და საუკეთესო თეთრ ღვინოს იძლევა. წლების განმავლობაში მათ რატომღაც ჩრდილავდა ისეთი ჯიშები, როგორებიც რქაწითელი და საფერავია, თუმცა დღესდღეობით მათი პოპულარობა ისევ საკმაოდ მაღალია. მომხმარებელიც უფრო მეტად მოთხოვნადი გახდა მრავალფეროვნებისა თუ უძველესი სახეობების მიმართ, ამიტომ ჩვენც, ჩვენს მარანში წინ წამოვწიეთ ამ ორი უნიკალური ღვინის წარმოება.

ტყუპების საღვინე სახლში ხიხვის როგორც 0.75-იანი, ისე უფრო დიდი შეფუთვებიც შეგხვდებათ. ქისი კი წარმოდგენილია „ქვევრის მზის” ბრენდირებულ ბოთლებში.

მუკუზანი და ქინძმარაული

მუკუზანიცა და ქინძმარაულიც საფერავის სახეობებია და უმაღლესი ხარისხის წითელ ღვინოდ მიიჩნევა. მუკუზანის დაღვინებას სულ მცირე 3 წელი სჭირდება იმისთვის, რომ საუკეთესო გემოს მიაღწიოს. გამოირჩევა მუქი წითელი ფერით. მისი წარმოება 1888 წლიდან დაიწყო.

რაც შეეხება ქინძმარაულს, ის ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა. მუქი, ბროწეულის მსგავსი ფერი აქვს. მის გემოში ხილის ტონები და ხავერდოვანი არომატი იგრძნობა.

ჩვენს მარნებში, რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ როგორც მუკუზანის, ისე ქინძმარაულის შეძენა.

ნაფარეული და ალაზნის ველი

ნაფარეული არსებობს როგორც თეთრ, ისე წითელ სახეობებში. მისი თეთრი ვარიანტი ღია ჩალისფერია, ხალისიანი, ყვავილოვანი ტონებით გამორჩეული, ხოლო წითელი ნაფარეული საფერავის ყურძნისგან მზადდება. მისი მიკროზონა ალაზნის ზემო წელია.

ალაზნის ველი წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინის სახეობაა. იგი მუქი ფერის ხილის, კენკრის ტონებით ხასიათდება. აქვს ხალისიანი, ცქრიალა გემო და იდეალურად უხდება სხვადასხვა სუფრას.

ჩვენთან, ტყუპების ღვინის მარანში ევროპული წესით დამზადებულ ალაზნის ველსა და ნაფარეულს შეხვდებით სხვადასხვა მოცულობაში.