Latest News

ღვინის კულტურა საქართველოში, „ედემის სითხედ" მოხსენიებული ქართული ღვინო და უნიკალური ისტორია

 შეიძლება ბევრი ვიდავოთ იმაზე, რომელი ქვეყანა ითვლება ღვინის ნამდვილ სამშობლოდ, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ვაზს, ყურძენსა და ღვინოს რომ უძველესი დროიდან დიდი ადგილი უჭირავს, ამაზე ვერავინ შემოგვედავება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ ვაზის უნიკალურ ჯიშებს ვფლობთ, შეგვიძლია ის მაინც გამოვაცხადოთ თამამად, რომ ღვინის დაყენების ერთ-ერთი ძველისძველი ქვეყანა ვართ, გამორჩეული კულტურითა და ტრადიციებით, ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

ამ კულტურაზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ბევრი მხრიდან შეიძლება მოგითხროთ, თუმცა დღეს მოკლედ მიმოვიხილოთ თავად მისი ისტორია, წარმომავლობა, გავრცელების არეალი…

უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. მეტიც, როცა საქართველოს ისტორიას ვსწავლობთ, იქ ყოველთვის გვხვდება ქვეთავები მეღვინეობის შესახებ, რადგან ჩვენი ისტორია ამ უმნიშვნელოვანესი ამბის გარეშე წარმოუდგენელია. მხოლოდ ამითაც შეგვიძლია, დავადგინოთ, რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ღვინოს.

წიპწებით დადგენილი ჭეშმარიტება

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ყურძნის წიპწები, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის VII-VI ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. იმავენაირად წიპწები აღმოჩენილია ანაკლიაშიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვაზი ჩვენთან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც ოდითგანვე გვხვდება.

გავრცელების არეალი და სახეობები

მევენახეობით ყველაზე გავრცელებული კუთხე საქართველოში, რაღა თქმა უნდა, კახეთია. შემდეგ მოდის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ზოგადად, სათითაოდ რომ არ ჩამოვთვალოთ, გეტყვით, რომ საქართველოს ყველა კუთხეში მეტად თუ ნაკლებად მოდის ყურძენი, რომლისგანაც აყენებენ ღვინოს.

როგორც დასაწყისში ვთქვით, ჩვენთან ღვინის უნიკალური ჯიშებიცაა გავრცელებული. მათგან გამორჩეულნი, რომლითაც თავს ვიწონებთ, არის: ქინძმარაული, მუკუზანი, ტვიში, საფერავი და სხვა.

მნიშვნელოვანია, ისიც ვიცოდეთ, რომ საქართველოში ღვინის უძველეს სახეობებზე ცნობებს უცხოური წყაროებიც გვინახავს. ესენია: ბერძნული, სპარსული და სხვა ნაშრომები.

ბევრი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ მსოფლიოში პირველი ღვინო საქართველოში თუ არა, ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებზეა დაწურული. ზუსტად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ვერ ვიტყვით, სად მოხდა ეს, თუმცა რეგიონი რომ პირველი იყო, ეს ფაქტი უტყუარია. ღვინის კულტივაციაც სწორედ აქედან იწყება და ვრცელდება მსოფლიოში.

ქვევრის ღვინო

ქვევრში ღვინის დაყენება უნიკალური ქართული ტრადიციაა, რომელიც დაახლოებით 8 ათასი წლით თარიღდება. ამ მეთოდს იუნესკომ 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რადგან ის მთელ მსოფლიოს აცნობს ჩვენი ღვინის კულტურას და არა მარტო, ის ჩვენს ქვეყანასაც აცნობს დანარჩენ პლანეტას. 

 

ქვევრების ფორმა, რომლებიც დღეს გამოიყენება, არც მეტი და არც ნაკლები, ძვ. წ. III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. არსებობდა ორნაირი ქვევრი - პატარა, რომელსაც ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი ჰქონდა და დღეისათვის ფართოდ გავრცელებული კვერცხის ფორმის ქვევრები. ქვევრის ტევადობა რამდენიმე ასეული ლიტრიდან იწყება და რამდენიმე ტონას აღწევს. ყველაზე მოცულობითი ქვევრებით კი კახეთი გამოირჩევა.

ბოლოსკენ ისიც უნდა გითხრათ, რომ შაჰ-აბასის მიერ ქართული ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ ქართველები შაჰის კარზე ხარკად ღვინოს აგზავნიდნენ. ის იმდენად მოსწონდათ, რომ „ედემის სითხედ” მოიხსენიებდნენ. ქართულმა ვაზმა ქართველ ხალხთან ერთად გაუძლო ომებს, შემოსევებს, მტერსა და საუკუნეებს. არ არსებობს საქართველო ვაზის კულტის გარეშე და არც მსოფლიო ვაზის კულტურა არსებობს საქართველოს გარეშე.