„ტყუპების საღვინე სახლი" - XIX საუკუნიდან დღემდე, სიყვარულით დაწერილი ისტორია
კახეთში, მდინარე ალაზნის ვაკეზე, თელავის მუნიციპალიტეტში, ღვინის მარანი და სასტუმრო კომპლექსი მდებარეობს, სადაც ტრადიციული მარნის ღვინო მზადდება. მას „ტყუპების საღვინე სახლი” ჰქვია და ერთი მხრივ, გთავაზობთ ღვინის სხვადასხვა ბრენდს, მეორე მხრივ კი სასტუმროს, რომელიც კახეთში თბილი და ოჯახური დასვენების საუკეთესო გამოცდილებას გპირდებათ.
მაინც რა ჯობია კახურ ცქრიალა ღვინოს, სიმწვანეს, ბუნების ხედებს, სასიამოვნო გარემოს, სადაც კომფორტულ ნომერში, აივანზე, აუზზე ან ეზოში შეგიძლია მშვიდად გაატარო დასვენების დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად? იქვე ქვევრის ღვინის მუზეუმი გექნება, სადაც საკუთარი თვალით ნახავ, როგორ ყენდება ღვინო, მერე კი სპაშიც გადაინაცვლებ, რათა მაქსიმალურად მოდუნდე და განიტვირთო. ამასთან, კომპლექსში ხშირად ტარდება სხვადასხვა ტიპის მასტერკლასი, ღონისძიება, რომელსაც შეგიძლია, დაესწრო და აიმაღლო ცოდნა ქართული ღვინის შესახებ. ბოლოს და ბოლოს ღვინო ხომ საქართველოს სიმბოლოა, ვაზი კი ის მცენარე, რომელსაც ქართველი წინაპრები, პოეტები და მწერლებიც კი ოდებს უძღვნიდნენ.
კომპლექსის ისტორია
ვინც „ტყუპების საღვინე სახლს” ესტუმრება, დახვდება თანამედროვე გარემო, რის გამოც შეიძლება არც კი იფიქროს, რომ ეს ოჯახური ბიზნესი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. სადღაც ორი საუკუნის წინ, მაშინ, როცა ჯერ კიდევ თელავის მაზრები არსებობდა, 9 ძმა გამტკიცულაშვილი ცხოვრობდა. ისინი მიწათმოქმედებითა და ღვინის ქვევრში დაყენებით იყვნენ დაკავებულნი.
გადმოცემის თანახმად, მათ ბევრი ქალ-ვაჟი ჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ცამეტი დასაოჯახებელი ვაჟკაცი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულა, რაც დასტურდება სოფელში არსებულ მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული სახელებითა და გვარებით.
ცხრა ძმიდან ერთ-ერთის, გიორგის ვაჟებმა, იოსებმა და ფირუზამ საოჯახო მეურნეობა გააგრძელეს. 1930-იან წლებში ფირუზამ უარი თქვა კუთვნილი ფერმისა და ვენახის საბჭოთა მთავრობისთვის გადაცემაზე, რის გამოც ის „გააკულაკეს“, მიწა იძულებით ჩამოართვეს, თავად კი იძულებითი შრომის ბანაკში გაგზავნეს. ვენახი ოჯახმა მოგვიანებით, 1960-იან წლებში დაიბრუნა.
შემდეგ საქმე ფირუზას ვაჟმა, ვალიკომ გადაიბარა, ის ამ დროს ჯერ კიდევ 14 წლის იყო. 90-იანი წლების ბოლომდე იგი საოჯახო ღვინოს მცირე რაოდენობით აწარმოებდა, რადგან საბჭოთა დროს კომერციული წარმოება მკაცრად იყო აკრძალული. ვალიკოს მემკვიდრეობა კი ტყუპ ძმებს გელას და გიას ერგოთ, რომლებმაც 1990-იან წლებში დააარსეს „ტყუპების საღვინე სახლი” და მას შემდეგ მის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნავენ. ისინი ცდილობენ, არ დაკარგონ მამაპაპური ტრადიციები და პარალელურად, თანამედროვეობასაც აუწყონ ფეხი.
2000-2002 წლებში ტყუპებმა იმოგზაურეს გერმანიასა და ავსტრიაში, რის შემდეგაც წარმოება განაახლეს და ქვევრის ღვინის ბოთლში, ევროპული წესით ჩამოსხმა დაისახეს მიზნად. მათ ასევე დაიწყეს ღვინის დაყენების მეცნიერულად შესწავლა, რის საფუძველზეც 2002 – 2005 წლებში მე-2 აკადემიურ ხარისხი მოიპოვეს ენოლოგიასა და მევენახეობაში. 2006 წელს ტყუპებმა პირველად ჩამოასხეს ბოთლში ქვევრის ღვინო. 2010 წლიდან კი, სასტუმრომაც დაიწყო ფუნქციონირება. აქვე აშენდა რესტორანი, რომელიც გემრიელი კახური სამზარეულოთი და, რაღა თქმა უნდა, ღვინით უმასპინძლდება სტუმრებს. აქ სიხარულით იღებენროგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.
დღეს საწარმო რამდენიმე ბრენდულ ღვინოს აწარმოებს. მათ შორის ერთ-ერთი პირველია „ქვევრის მზე”, რომელსაც სახელწოდება, ფაქტობრივად, მომხმარებელმა შეურჩია. ისინი ხშირად აფასებდნენ ტყუპების ღვინოს, როგორც მზესთან და სითბოსთან ასოცირებულ სასმელს, სწორედ ამიტომ მისი შინაარსი ჩამომსხმელებმა ამ თემას დაუკავშირეს.
გარდა ამისა, ბრენდულ ღვინოებს შორის ნახავთ: „თვინსს”, „თავანკარას” და „ფირუზს”. ამ უკანასკნელს სახელი დიდი წინაპრის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელზეც ზემოთ უკვე წაიკითხავდით.