Latest News

საქართველო, როგორც ღვინის ქვეყანა

როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, მისი ღვინის გარეშე ხსენება არ შეიძლება. ის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ მოიხსენიება, ჩვენი მკითხველისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამ კულტურაზე უკვე გესაუბრეთ. დღევანდელ ბლოგში კი ვეცდებით თემა ცოტა გავშალოთ და უფრო მეტი გითხრათ იმაზე, თუ მაინც რატომ არის საქართველო ღვინის ქვეყანა.

დავიწყოთ იმით, რომ პრაქტიკულად ვერ ნახავთ კუთხეს, სადაც ვაზი არ ხარობს და სადაც გლეხს პატარა გოჯი მიწა მაინც არ აქვს გამოყოფილი ყურძნისთვის. ჩვენს ნაყოფიერ მიწაზე 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იზრდება და მათგან საუკეთესო ხარისხის სასმელი მზადდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ღვინის დაყენების ჩვენი, პერსონალური, ქართული ტრადიცია, რომელიც არ ჰგავს ევროპულს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში მეღვინეებმა ევროპული დაყენების წესიც მშვენივრად იციან და მას ტრადიციულ მეთოდს უხამებენ ხოლმე. ღვინის დაყენების ჩვენეულ მეთოდს კი მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. 

ყურძნის კრეფა, ანუ რთველი ყოველწლიური მოვლენაა საქართველოში და მეღვინეები იმასაც გვეუბნებიან, რომ თუ ღვინის არსის, მის კულტურასთან ზიარება თავიდან ბოლომდე გვინდა, მაშ რთველს მინიმუმ ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ვესტუმროთ. კახეთის მზიანი მხარე, ის ადგილი, სადაც „ტყუპების ღვინო” მზადდება, შემოდგომაზე ნამდვილ სადღესასწაულო ცენტრად გადაიქცევა ხოლმე. ყურძნის სურნელით გაჟღენთილი სოფლები და სხვადასხვა ჯიშის ფერების პალიტრა აქ ხელოვნებას უტოლდება. 

ღვინოს საქართველოში მუდამ ჰქონდა საკრალური დატვირთვა. ის ასოცირდებოდა სიწმინდესთან, ტრადიციების დაცვასთან, ჭირთან თუ ლხინთან. ზოგადად ქრისტიანულ სამყაროში, როგორც ვიცით, ბარძიმი ღვინით მზადდება და მას ეკლესია იყენებს ღვთისმსახურებისთვის. თუმცა ეს ერთადერთი კავშირი არ არის ღვინოსთან. ძველად საქართველოში ეკლესია-მონასტრები ღვინის ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი მწარმოებლები იყვნენ. პრინციპში, სოფლად დღესაც ნახავთ სასულიერო პირებს, რომლებიც მიწის დამუშავებასთან ერთად, მევენახეობასაც მისდევენ. 

ისტორიული წყაროები იმასაც გვამცნობს, რომ ყველასთვის ცნობილ იყალთოს აკადემიაში მე-11 საუკუნეში მეღვინეობა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული საგანი, ისე ისწავლებოდა.  

მაინც რა განაპირობებს იმას, რომ ქართული ღვინო ასეთი გამორჩეული და მრავალფეროვანია? ის, რომ ჩვენთან ზომიერი ჰავა და ყურძნისთვის შესაფერისი ნიადაგია. საქართველოში არ არის აუცილებელი, ღვინო მაინცდამაინც წარმოებისთვის დაიწუროს. გავიხსენოთ ჩვენი, ტყუპების საღვინე სახლის ისტორია - თავდაპირველად ღვინის დაწურვა უბრალოდ ოჯახისთვის ხდებოდა, მაგრამ მოგვიანებით მან კომერციული ხასიათი შეიძინა. ასე არის ბევრი ქართველის ოჯახში. აქ ვერც მთასა და ვერც ბარში ვერ ნახავთ ოჯახს, რომელსაც მცირე რაოდენობით ღვინო მაინც არ ექნება სახლში მოულოდნელად წვეული სტუმრის გასამასპინძლებლად. ღვინო აუცილებელი ატრიბუტია ოჯახური და მეგობრული შეკრებებისთვის, დღესასწაულების აღნიშვნისა და ქორწილების გადახდისთვის. აქ სიხარულსაც და მწუხარებასაც ღვინით ეგებებიან. მსოფლიო მასშტაბით კი ფაქტობრივად ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც საკუთარი მოხმარებისთვის იმდენ ღვინოს ამზადებენ, რამდენსაც ჩვენთან. ღვინო ერთგვარი ტრადიციაა ჩვენთან, რომელიც პირველ რიგში ოჯახურ ადათებთან ასოცირდება. დროთა განმავლობაში შესაძლოა იმდენი ადამიანი აღარ აყენებს ღვინოს სახლში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მაგრამ კარგი ღვინის ფასი ნებისმიერმა ქართველმა იცის. ქუჩაში ადამიანი რომ გააჩეროთ და ქართული ღვინის შესახებ ჰკითხოთ, ყველა გიპასუხებთ, რომ ქართულ ღვინოს ბადალი არ აქვს მსოფლიოში.  ეს კულტი რაღაცნაირად ჩვენს იდენტობას გამოხატავს და იმისდა მოუხედავად, ვის რა ინფორმაცია აქვს ღვინის წარმოშობის, დაყენების თუ ტრადიციების შესახებ, ერის ქვეცნობიერში ღრმადაა გამჯდარი, თუ რატომ უნდა სცეს პატივი ქართულ ღვინოს, რატომ ითვლება კარგ ტონად სტუმრის ღვინით გამასპინძლება და რატომ არის საქართველო ღვინის სამშობლო.