ქვევრის ღვინო და მისი უნიკალური თვისებები
თქვენ უკვე იცით, რომ ტყუპების საღვინე სახლი გამორჩეულია ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიციებით. ანუ იმ ტრადიციებით, 8000 წლის წინ რომ იქნა აღმოჩენილი და იუნესკოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი რომ აქვს. ამ აღიარებამ ქართული ღვინო და ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდი მთელ მსოფლიოში ცნობადი გახადა.
და მაინც რა არის ქვევრი
ეს კვერცხისებრი ფორმის თიხის ჭურჭელია, რომლის მთავარი დანიშნულებაც ღვინის დაყენებაა. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას ზოგჯერ მარცვლეულის შესანახადაც იყენებდნენ. ქვევრი მიწაში იფლობა და ჰერმეტულად იხურება.
ის უბრალოდ ჭურჭელი კი არ არის, ქართველისთვის ის ერთგვარი კულტურის ნაწილია.
რა უპირატესობა აქვს ქვევრის ღვინოს
პირველი და ყველაზე მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ქვევრში ღვინო ბუნებრივი წესით ყენდება.
ასევე, ქვევრი მასში მადუღარ ტკბილს შაქრების ბოლომდე დადუღებისთვის საჭირო ტემპერატურის ოპტიმალურ რეჟიმს უქმნის, რაც თავისთავად აისახება მიღებული პროდუქტის გემოსა და არომატზე.
თუ ჩვენს წინაპრებს დავუჯერებთ, ღვინოს ხმაური არ უყვარს. ამის უზრუნველყოფა ქვევრში მარტივად ხდება, რადგან მარნებში მოთავსებული ქვევრები ხმაურს ნაკლებად ატარებს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპული წესით დამზადებულ ღვინოზე.
ქვევრის უპირატესობა მისი მრავალჯერადობაცაა. ის რამდენიმე საუკუნესაც კი ძლებს და შეუძლია თაობებს ემსახუროს უნიკალური ღვინის დამზადებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჟანგბადია. ქვევრში აირაცია კედლის გავლით ხდება, რაც ღვინის დავარგების საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართული ღვინო გამოირჩევა სხვებისგან. რაც უფრო დიდხანს ინახება ქვევრში ღვინო, მით უფრო გემრიელი და სასარგებლო ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრის პოპულარობა საქართველოს ფარგლებსაც სცდება. ის უცხოელი მეცნიერების შესწავლის საგანი ხდება. ასევე ხშირია ღვინის ქართული წესით დაყენების მცდელობებიც, რის გამოც საქართველოდან ქვევრების ექსპორტიც ხდება.
ჩვენთან, ნაფარეულში, შეგიძლიათ ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმსაც ეწვიოთ, შეიტყოთ ქვევრში ღვინის დამზადებისა და მისი უნიკალური თვისებების შესახებ უფრო მეტი, დააგემოვნოთ ქვევრის ღვინო და საფუძვლიანად გაეცნოთ 8000 წლის წინანდელ ტრადიციებს.