Latest News

ღვინო - ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის ელექსირი

ღვინო ალბათ ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო შეიძლება იყოს. თავშივე გეტყვით, რომ რასაკვირველია, ბევრი ღვინოც არაა მიზანშეწონილი და ზოგადად, გადაჭარბებული არაფერი ვარგა, მაგრამ ყურძენსა და მისგან ჩამოსხმულ ამ მრავალსაუკუნოვან სასმელს ნამდვილად შეუძლია სასარგებლო თვისებებით თავის მოწონება. ის, რომ ღვინო არა მარტო სუფრაზე გამოიყენება და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს. მეტიც, ის მედიცინაში სამკურნალოდაც გამოიყენება და ღვინით მკურნალობას ენოთერაპია ეწოდება. მეცნიერული კვლევების გარდა არსებობს სტატისტიკები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ის, ვინც ყოველდღიურად 200-300მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობს. ჩვენი წინაპრები ღვინოს, განსაკუთრებით წითელს, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით, როცა მედიცინა და ტექნოლოგია წინ წავიდა, დადგინდა, რომ წითელ ღვინოში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობაა, რის გამოც მას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. რა თქმა უნდა, ზომიერად მიღებით. ანტიქოსიდანტები ხელს უშლის ორგანიზმში ჟანგვითი რეაქციების მიმდინარეობას და აფერხებს უჯრედების დაბერებასა და დაზიანებას. ყურძნის კანი შეიცავს ნივთიერება რესვერატროლს, რომელიც ღვინოშიც გადადის. ის ორგანიზმს ანთებით პროცესებთან ბრძოლაში ეხმარება. გარდა ჩამოთვლილისა, წითელ ღვინოზე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ მას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე დადებითი გავლენის მოხდენა. ამასთან ერთად, წითელი ღვინის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოლი ეხმარება ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმუნიტეტი გაციებისა და გრიპის ვირუსების წინააღმდეგ. რატომ მაინცდამაინც წითელი ღვინო? სარგებლიანობა რეალურად ორივეს აქვს, გააჩნია მათი დაყენების მეთოდს. ზოგადად, წითელი იმიტომ ითვლება უფრო სასარგებლოდ, რომ მას დამზადებისას არ აცლიან კანსა და კურკას, რაშიც იმალება ვიტამინები, თეთრს კი აცლიან. ასეც რომ არ იყოს, ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებები წითელ ყურძენს უფრო მეტი აქვს, ვიდრე თეთრს. შესაბამისად, ის უფრო სასარგებლო სასმელად მიიჩნევა. XVI საუკუნეში ერთი შვეიცარიელი ექიმი წერდა: „ღვინო არის საკვები, წამალი და შხამი - გააჩნია დოზას”. ასე რომ, მიიღეთ იმ რაოდენობის ღვინო, რომ ის იყოს წამალი და არ იქცეს შხამად. გონივრულად მოხმარებული ღვინო ჩვენთვის სიცოცხლის ელექსირადაც შეიძლება იქცეს.