ტყუპების საღვინე სახლს ნაფარეულში ბრიტანელი სტუმრები ეწვივნენ
ზოგადად ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე ცნობადობა არ აკლია, თუმცა ქართული მარნებისა და ახალ-ახალი ბრენდების შესახებ ინფორმაციის მუდმივი გაცვლა აუცილებელია. ამ მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Swirl Wine Group- ის ორგანიზებით, „ტყუპების საღვინე სახლს” ნაფარეულში 14 სექტემბერს უცხოელი სტუმრები ეწვივნენ დიდი ბრიტანეთიდან. მათ შორის იყვნენ სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები.
9-კაციანმა ჯგუფმა საღვინე სახლის მარნები დაათვალიერა. მათ მოინახულეს ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმი, სადაც ქვევრის გახსნას დაესწრნენ და, რა თქმა უნდა, ღვინოც დააგემოვნეს. ვიზიტი ქართული, ტრადიციული სადილით დასრულდა.
„აქ არის ყველაფერი, რაც მე ღვინოში მიყვარს: კულტურა, ისტორია, ლეგენდები და რელიგია. აქაურობა არაჩვეულებრივია!”, - განაცხადა ერთ-ერთმა სტუმარმა.