ტყუპების ღვინო

ტყუპმა ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა საოჯახო ქვევრის ღვინის კომერციული წარმოება 1997 წლიდან დაიწყეს. ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO, 2013) კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამ მეთოდს ძმებმა თავიანთი ოჯახური ცოდნაც დაუმატეს და დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტს ქმნიან, რომლის ხარისხსაც ყველაფერი ერთად ქმნის: დამზადების პირობები, ადგილმდებარეობა, ჰავა და განწყობა, რომელიც კომპანიის სულისკვეთებას გამოხატავს.

ტყუპების მეღვინეობა მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. კახეთი რომ საქართველოში ღვინის სამშობლოა, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ნაფარეულის ღვინის მიკროზონა განლაგებულია მდინარე ალაზნის ხეობის მარცხენა სანაპიროზე. მას ზომიერი, გაწონასწორებული ჰავა და ისეთი ნიადაგის მახასიათებლები აქვს, რომელიც ყურძენს საოცარ ტონებს ანიჭებს და ჩვენს ღვინოს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ქვევრები და სახეობები

ჩვენი მეღვინეობის ტერიტორიაზე 135 ქვევრი ფუნქციონირებს. აქედან ყველაზე პატარა 50-ლიტრიანია, ყველაზე დიდი კი 5 ტონას აღწევს. ტყუპების მეღვინეობა მოიცავს ვენახის 15 ჰექტარ მიწას, 3 ჰექტარი ბიო/ორგანული ვენახის ჩათვლით. ღვინის საწარმოებლად, ტყუპები ყურძენს ადვილობრივი მევენახეებისგან შეისყიდიან, რომლის ხარისხსაც პირადად ამოწმებენ, რათა საუკეთესო გემოები მიიღონ.

ტყუპების ღვინის მარანი ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ ყენდება საფერავი, ალაზნის ველი, ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, ნაფარეული, როზე, მუკუზანი და ქინძმარაული. ასევე გვაქვს ჭაჭის არაყი და ბრენდი.

პირველი ბრენდული ღვინო იყო „ქვევრის მზე”, რომელსაც სახელი მომხმარებელთა დადებითი შეფასების გამო დაერქვა. ისინი ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩვენი ღვინო მზესავით სიხარულისა და სითბოს მომტანია, რაც ჩვენი პირველი ბრენდის ინსპირაციად იქცა.

თვინსი

თვინსი, ანუ ტყუპები ღვინის დაყენების ორი სხვადასხვა მეთოდის „შეტყუპებით” შეიქმნა. პირველია უძველესი ქართული ღვინის წარმოების მეთოდი - ქვევრში ჭაჭასთან სამთვიანი დადუღებით (მაცერაციით). მეორე კი ევროპული მიდგომაა - ღვინის დაძველება მუხის კასრებში, რაც „თვინსის” შემთხვევაში 1 წელი მიმდინარეობს. მეთოდების მსგავსი “შეტყუპებით” მივიღეთ უნიკალური ღვინო - დაბალანსებული, ღრმა და ძვირფასი მახასიათებლებით, რაც მას პრემიუმ ხარისხის ღვინოდ აქცევს.

თავანკარა

ის ჩვენი ქვევრის ყველაზე მაღალი ფენის ღვინოს წარმოადგენს, რომელიც 100%-იანი ფილტრაციით მიიღება. სიტყვა „თავანკარა” ქართულად სუფთას ნიშნავს, რაც ამ ღვინის მთავარი ღირსებაა. თავანკარას” დამზადება გაგვიადვილა ტყუპების ღვინის სახლის უნიკალურმა, გამჭვირვალე ქვევრმა, რაც საშუალებას გვაძლევს, ღვინის წარმოების თითოეული ეტაპი კარგად და სწორად გამოვიკვლიოთ. ეს ქვევრები დიდი ცოდნისა და გამოცდილების ნაყოფია, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრებით არის დაცული.

ფირუზი

ფირუზი ჩვენი ბრენდის ყველაზე ახალი, ბიო/ორგანული ღვინის ბრენდია. ის ოჯახის დიდი წინაპრის, ასევე მეღვინის, ფირუზ გამტკიცულაშვილის პატივსაცემად შეიქმნა. ამასთან, ფირუზი ძვირფას, დაუმუშავებელ ქვას ჰქვია, რომელიც სიბრძნისა და კეთილდღეობის სიმბოლოა და ამით უფრო მეტად ეხმიანება ჩვენს იდეოლოგიას.

ჩვენეული „ფირუზი” ევროპული სტანდარტებით მზადდება. ვინიფიკაციის პროცესისა და სულფატების დაბალი შემცველობის გამო ის ნატურალური ღვინის კატეგორიაში შედის.

ტყუპების საღვინე სახლის პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც ჩვენი, ისე პარტნიორი მაღაზიებისა და რესტორნების სივრცეში. მეტი მოქნილობისთვის კი ონლაინ შეძენის ფუნქციასაც გთავაზობთ.