ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია

ტყუპების საღვინე სახლი ოჯახურ ტრადიციაზე დაფუძნებული საოჯახო ბიზნესია. ზეპირსიტყვიერი გადმოცემით XIX საუკუნის 70-იან წლებში, თელავის მაზრაში სოფელ ნაფარეულში ცხრა ძმა გამტკიცულაშვილი ცხოვრობდა. ისინი მიწას ამუშავებდნენ და ქვევრის ღვინოს ამზადებდნენ. გადმოცემის თანახმად, მათ ბევრი ქალ-ვაჟი ჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით ცამეტი დასაოჯახებელი ვაჟკაცი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულა, რაც დასტურდება სოფელში არსებულ მემორიალურ დაფაზე ამოტვიფრული სახელებითა და გვარებით.

ოჯახური მეურნეობის ტრადიცია ცხრა ძმიდან ერთ-ერთის, გიორგის შვილებმა იოსებმა და ფირუზამ, ხოლო  შემდგომ ფირუზას ვაჟმა, ვალიკომ გააგრძელეს. ვალიკოს მემკვიდრეობა კი ტყუპმა ძმებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა გადაიბარეს.

ფირუზ გამტკიცულაშვილი

გადმოცემის თანახმად, გამტკიცულაშვილები მეღვინეობას ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ეწეოდნენ. მაგრამ ლეგენდებში ღრმად რომ არ გავიჭრათ, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ტყუპი ძმების, გია და გელა გამტკიცულაშვილების ბაბუას, ფირუზა გამტკიცულაშვილს, მამა-პაპის დანატოვარ მარანი უყურადღებოდ არ დაუტოვებია და 1920-იანი წლებიდან საკმაოდ წარმატებული, ტრადიციული წესის მეღვინე გახლდათ.

1930-იან წლებში, ფირუზამ უარი განაცხადა კუთვნილი ფერმისა და ვენახის საბჭოთა მთავრობისთვის გადაცემაზე, რის გამოც ის „გააკულაკეს“, მიწა იძულებით ჩამოართვეს, თავად კი იძულებითი შრომის ბანაკში გაგზავნეს.

ვენახი ოჯახმა მოგვიანებით, 1960-იან წლებში დაიბრუნა.

ვალიკო გამტკიცულაშვილი

მამის გაკულაკების მიუხედავად, 14 წლის ვალიკომ კვლავ განაგრძო მეღვინეობის ოჯახური ტრადიცია. 90-იანი წლების ბოლომდე იგი საოჯახო ღვინოს მცირე რაოდენობით აწარმოებდა, რადგან საბჭოთა დროს კომერციული წარმოება მკაცრად იყო აკრძალული. მოგვიანებით, საოჯახო ტრადიცია მისმა ტყუპმა შვილებმა, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა გააგრძელეს.

ტყუპები გია და გელა

ტყუპები ოჯახურ ტრადიციაში ადრეული 90-იანი წლებიდან ჩაერთვნენ.

1997 წელს ძმებმა ღვინის კომერციული წარმოება დაიწყეს.

2000-2002 წლებში გერმანიასა და ავსტრიაში მოგზაურობის შემდეგ, ძმებმა ოჯახური წარმოების განახლება და ქვევრის ღვინის ბოთლში, ევროპული წესით ჩამოსხმა დაისახეს მიზნად.

2002 – 2005 წლებში ტყუპებმა მოიპოვეს მე-2 აკადემიურ ხარისხი ენოლოგიასა და მევენახეობაში.

2006 წელს ტყუპებმა ბოთლში პირველად ჩამოასხეს ქვევრის ღვინო (2004 წლის მოსავალი)

2010 წელს, საწარმოსთან ძმებმა ააშენეს სასტუმრო და რესტორანი, რომელიც მასპინძლობს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს.

ტყუპების საღვინე სახლი დღეს

დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომლის ნახევარიც ქართულ ბაზარს მიეწოდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. კომპანიის მთავარი ნიშა ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა. 

ტურისტული კომპლექი კი ყოველთვის ღიაა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. კომპლექსი მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრების, ასევე ღია და დახურული ტიპის მარნებს, ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმს, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს.

იხილეთ მეტი